1. ზოგადი პირობები
1.1. “MarTV მარტივი” წარმოადგენს სატელევიზიო არხების ტრანზიტის აპლიკაციას (შემდგომში „აპლიკაცია“). ჩვენ, ვინც ვქმნით და გთავაზობთ ამ “აპლიკაციას”, ვართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი და რეგისტრირებული კომპანია შპს „სერვისბოქსი“ საიდენტიფიკაციო ნომრით 405113176 (შემდგომში “ჩვენ” ან “კომპანია”).
1.2. „აპლიკაცია“ განკუთვნილია მხოლოდ 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირებისთვის და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობისთვის. “აპლიკაციით” სარგებლობის პროცესში თქვენ გჭირდებათ ინტერნეტთან მუდმივი წვდომა.
1.3. “აპლიკაციის” ჩამოტვირთვით თქვენ გადმოგეცემათ “აპლიკაციით” პირადი, არაკომერციული მიზნით სარგებლობის არაექსკლუზიური ლიცენზია. “აპლიკაციის” ჩამოტვირთვით თქვენ ასევე ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. თუ თქვენ გაეცანით და არ დაეთანხმეთ ამ დოკუმენტში მოცემულ რომელიმე პირობას ან ჩათვალეთ, რომ თქვენ მიერ “აპლიკაციის” სარგებლობა არღვევს რომელიმე პირობას, თქვენ უნდა წაშალოთ “აპლიკაცია” თქვენი მოწყობილობიდან. თუ თქვენ არ შლით “აპლიკაციას” თქვენი მოწყობილობიდან, აღნიშნული თავისთავად გულისხმობს თქვენი მხრიდან გამოხატულ თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე, ასევე თქვენს გარანტიას, რომ არ არღვევთ მისი სარგებლობის პირობებს.
1.4. „აპლიკაციით” სარგებლობა არის უფასო. ჩვენ შესაძლოა ნებისმიერ დროს გავხადოთ იგი ფასიანი მთლიანად ან ნაწილობრივ. ასეთ შემთხვევაში, ფასიანი მომსახურების მიწოდება განხორციელდება შესაბამისი სააბონენტო ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.
1.5. თქვენ “აპლიკაცია” მოგეწოდებათ იმ ფორმით და ფუნქციონალით, როგორიც ის არის დროის მოცემულ მომენტში. ჩვენ შესაძლოა პერიოდულად შევცვალოთ, განვაახლოთ და გავაუმჯობესოთ “აპლიკაცია”, თუმცა ჩვენ არ გაძლევთ არანაირ დაპირებას ან გარანტიას აღნიშნულზე. ჩვენ შესაძლოა ნებისმიერ დროს შევზღუდოთ ან გავაუქმოთ “აპლიკაციით” სარგებლობა.
2. პერსონალური მონაცემების დაცვა და დამუშავება
2.1. „აპლიკაციის“ გამოყენების მიზნით, თქვენ შესაბამის ველებში თავად შეგყავთ თქვენი პერსონალური მონაცემები ან რეგისტრირდებით თქვენი პირადი Facebook ან Apple ანგარიშით. Facebook ან Apple-ის პირადი ანგარიშით რეგისტრაციის შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ, დავამუშავოთ და შევინახოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, აგრეთვე თქვენი პირადი Facebook ანგარიშის შესაბამისი ბმული მოცემული სოციალური პლათფორმით რეგისტრაციის შემთხვევაში. ამ ქმედებით, თქვენ გვანიჭებთ უფლებას, შევაგროვოთ, შევინახოთ და დავამუშაოთ თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებული თქვენი პერსონალური ინფორმაცია და „აპლიკაციის“ გამოყენების პროცესში თქვენი მოწყობილობის ტიპის შესახებ ჩვენთვის ხელმისაწვდომი მონაცემები (შემდგომში ერთობლივად “მონაცემები”).
2.2. „აპლიკაციაზე“ Facebook ან Apple პირადი ანგარიშით რეგისტრაციის შემთხვევაში შესაძლოა, Facebook და Apple-ის მიერ განხორციელდეს ასეთი რეგისტრაციის შესახებ თქვენი პერსონალური მონაცემების სხვადასხვა ფორმით დამუშავება, რაზეც MarTV არ იღებს პასუხისმგებლობას და გთხოვთ, ასეთი დამუშავების შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ან მისი შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში მიმართოთ შესაბამის კომპანიას.
2.3. ჩვენ ვაგროვებთ, ვინახავთ და ვამუშავებთ მონაცემებს საქართველოს მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ დავამუშავებთ თქვენ შესახებ მხოლოდ თქვენ მიერ უშუალოდ „აპლიკაციაზე“ რეგისტრაციის პროცესში ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას და თქვენი მოწყობილობის შესახებ ინფორმაციას. ჩვენ ამ მონაცემებს ვინახავთ და ვამუშავებთ „აპლიკაციით“ განსაზღვრული მომსახურების სათანადო მიწოდების, მომსახურების გაუმჯობესების, სტატისტიკური, ანალიტიკური, თქვენთან კომუნიკაციის, თქვენთვის მარკეტინგული, ტექნიკური და საინფორმაცია შეტყობინებების გამოგზავნის და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მიზნებით.
2.4. ჩვენ დავამუშავებთ მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, რა დროსაც ჩვენ შევაგროვებთ და შევინახავთ მონაცემებს, დავაორგანიზებთ და დავაჯგუფებთ მათ განსაზღვრულ კატეგორიებად.
2.5. „აპლიკაციამ“ შესაძლოა გამოიყენოს ე.წ. Cookie ფაილები, რათა გაანალიზოს თქვენ მიერ ჩვენი “აპლიკაციის” მოხმარება და უზრუნველყოს თქვენთვის “აპლიკაციით” უფრო ეფექტური და სწრაფი სარგებლობა. Cookie წარმოადგენს პატარა კომპიუტერულ ფაილს, რომელიც ინახავს გარკვეულ ინფორმაციას თქვენი მოწყობილობის შესახებ თქვენსავე მოწყობილობაში.
2.6. თქვენ უფლება გაქვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@servicebox.ge და მოითხოვოთ ინფორმაცია ჩვენ მიერ შეგროვებული თქვენი მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა ან ჩასწორება. ჩვენ გონივრულ ვადაში დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნას და გაცნობებთ ამის თაობაზე. თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების წაშლის შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა ვეღარ ან შეზღუდულად ისარგებლოთ “აპლიკაციით”.
2.7. როგორც წესი, ჩვენ თქვენს მონაცემებს არ გადავცემთ მესამე პირებს. თქვენს მონაცემებთან წვდომა აქვთ კომპანიის უფლებამოსილ პირებს, თანამშრომლებსა და გარე კონსულტანტებს, რომლებიც იცავენ მის კონფიდენციალურობას და დადგენილი წესით დამუშავების პირობებს. ჩვენ შესაძლოა თქვენი მონაცემები გადავცეთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მისი მოთხოვნის საფუძველზე ან დავის ფარგლებში, მხოლოდ იმ მოცულობით, რაც საჭიროა კანონიერი მიზნის მისაღწევად.
2.8. ჩვენ ვამუშავებთ და ვინახავთ მონაცემებს იმ ვადით, რაც საჭიროა ამ წესებსა და პირობებში მითითებული დამუშავების მიზნების მისაღწევად, ან იმ ვადით და იმ მოცულობით, რაც სავალდებულოდ დადგენილია კანონით ჩვენ მიერ ამგვარი მონაცემების დამუშავების ან/და შენახვისთვის. თუ დამუშავების მიზანი აღარ არსებობს და ამოწურულია კანონით დადგენილი მონაცემთა შენახვის ვადა, ჩვენ წავშლით მონაცემებს ან შევზღუდავთ მონაცემთა დამუშავებას მოქმედი სავალდებულო ნორმების შესაბამისად.
3. ინტელექტუალური საკუთრება
3.1. “აპლიკაცია” როგორც სრულად, ასევე მისი შემადგენელი კომპონენტების სახით, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფა, დიზაინი, “know how”, ლოგო, სახელწოდება და სხვა, წარმოადგენს “კომპანიის” საკუთრებას ან მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს. თქვენ “აპლიკაციით” სარგებლობის დროს გადმოგეცემათ მხოლოდ “აპლიკაციით” დროებითი, პირადი მიზნით სარგებლობის არაექსკლუზიური ლიცენზია და არ გადმოგეცემათ რაიმე უფლება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე.
4. აკრძალვები
4.1. თქვენ გეკრძალებათ:
4.1.1. “აპლიკაციის” ან მასში ინტეგრირებული ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერი ობიექტის გამოყენება რაიმე სახით, გარდა ამ წესებისა და პირობებით პირდაპირ დაშვებულისა;
4.1.2. „აპლიკაციის“გადამუშავება ან მის საფუძველზე ახალი აპლიკაციის ან სხვა ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, რომელიც იმდენად იდენტურია მოცემული „აპლიკაციის“, რომ იგი იწვევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ამ აპლიკაციების ერთმანეთში აღრევას;
4.1.3. „აპლიკაციის“ სხვა ნებისმიერი მიზნითა და ფორმით გამოყენება, გარდა წინამდებარე წესებითა და პირობებით პირდაპირ განსაზღვრული და მისი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად გათვლისწინებული პირადი არაკომერციული მიზნით გამოყენებისა;
4.1.4. ნებისმიერი კანონით აკრძალული მეთოდის (მათ შორის თაღლითობის ან კიბერთავდასხმის) გამოყენებით „აპლიკაციაში“ განთავსებულ კონტენტთან არამართლზომიერი წვდომა, მათი წაშლა ან შეცვლა, „აპლიკაციაში“ აკრძალული შინაარსის შემცველი კონტენტის ან სხვა ისეთი ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც ემსახურება სხვათა პირადი ინტერესებისა და უფლებების შელახვის, ძალადობის, დისკრიმინაციის ან კანონით დაუშვებელი სხვა ნებისმიერი ქმედების წახალისებას.
5. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტა
5.1. წინამდებარე წესები და პირობები, ისევე როგორც, თქვენ მიერ “აპლიკაციის” ჩამოტვირთვა და მისით სარგებლობა რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
5.2. თუ ჩვენ შორის წარმოიშვა დავა, ჩვენ შევეცდებით ეს დავა მოვაგვაროთ მოლაპარაკების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, დავის გადაწყვეტის ექსკლუზიური უფლებამოსილება მიენიჭება საქართველოს საერთო სასამართლოებს.
6. დასკვნითი დებულებები
6.1. „კომპანია“ არ არის პასუხისმგებელი რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის, რომელიც თქვენ ან თქვენთან დაკავშირებულმა სხვა მესამე პირმა განიცადა მოცემული „აპლიკაციის“ გამოყენებით ან გამოყენების შეუძლებლობით, რაც შესაძლოა ასევე დაკავშირებული იყოს „აპლიკაციის“ შეფერხებით მუშაობასთან ან მუშაობის დროებით ან სამუდამო შეწყვეტასთან.
6.2. წინამდებარე წესები და პირობები აგრეთვე ვრცელდება „აპლიკაციასთან“ დაკავშირებულ სამომავლო განახლებებზე და მის ახალ ვერსიებზე.
6.3. წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მისი „აპლიკაციაში“ გამოქვეყნების თარიღიდან და ანაცვლებს და აუქმებს მოცემულ თარიღამდე ძალაში მყოფ მის ყველა ძველ ვერსიას. მოცემული წესები და პირობები აგრეთვე ვრცელდება ყველა იმ მომხმარებელზე, რომელიც „აპლიკაციაზე“ დარეგისტრირდა წინამდებარე წესებისა და პირობების მოცემული ვერსიის ძალაში შესვლის თარიღამდე.
6.4. წინამდებარე წესები და პირობები შესაძლოა პერიოდულად, ნაწილობრივ ან მთლიანად შეიცვალოს. წესებისა და პირობების განახლებული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ერთი ფორმით მაინც, მაგალითად თავად “აპლიკაციის” შიგნით ან/და ჩვენს ვებ გვერდზე www.mar.tv.
6.5. წინამდებარე წესებისა და პირობების რამოდენიმე ენაზე არსებობისა და მათ შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ქართულ ენას.
6.6. „აპლიკაციის“ გამოყენების ფარგლებში და ასეთ გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე კომუნიკაცია შესაძლებელია წერილობით, ჩვენს შემდეგ ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: info@servicebox.ge